ოქსფორდის ვაქცინის საბოლოო შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca COVID-19-ის ვაქცინის პირველი შემქმნელები გახდნენ, რომლებმაც ფინალური ეტაპის კლინიკური ცდების შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს, რითაც გაფანტეს ის საკვანძო დაბრკოლებები, რაც კორონავირუსის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის წარმოებას შეექმნა.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა და ადასტურებს, რომ ვაქცინა მოქმედებს შემთხვევათა საშუალოდ 70 პროცენტში.

გუშინ ბრიტანეთი დასავლურ სამყაროში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საყოველთაო მოხმარებაში დამტკიცების შემდეგ, მოსახლეობის იმუნიზაცია დაიწყო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით.

Pfizer-BioNTech-ი და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებენ, მათი ვაქცინების ეფექტიანობა 95 და 94 პროცენტია; ორივე მწარმოებელმა ყველა საჭირო მონაცემი მარეგულირებლებს უკვე გადასცა.

თუმცა, როგორც ჟურნალი Lancet-ი წერს, AstraZeneca პირველია, რომელმაც კლინიკური ცდების ეფექტიანობა სამეცნიერო პუბლიკაციაში დაადასტურა.

კვლევის ავტორის, ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ პოლარდის განცხადებით, პუბლიკაცია აჩვენებს, რომ შემქმნელები მონაცემებს გამჭვირვალედ უზიარებენ ყველას და იქვე დასძენს, რომ საჭიროა ვაქცინათა გარკვეული დიაპაზონის არსებობა.

„ეს არ შეიძლება იყოს შეჯიბრი შემქმნელებს შორის, ეს უნდა იყოს შეჯიბრი ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს პოლარდი.

კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა სრული დოზის მიცემის შემთხვევაში 62 პროცენტია, იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანს ჯერ ნახევარ დოზას გავუკეთებთ, შემდეგ კი სრულს, ეფექტი 90 პროცენტს აღწევს.

გასულ თვეში მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ, AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი შედეგების შესახებ გარკვეული კითხვების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან გაირკვა, რომ პირველი ნახევარი დოზა მოხალისეებს შეცდომით მისცეს.

ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ ნახევარი დოზის მონაწილე ჯგუფში, 1367 ადამიანში, არავინ იყო 55 წელს გადაცილებული პირი.

მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ დამატებითი ანალიზი შესთავაზეს Lancet-ის მიმომხილველებს, რომელიც მიუთითებს, რომ ნახევარი დოზის ჯგუფის უკეთესი შედეგები არ იყო გამოწვეული ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ასაკი.

პოლარდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა შეუსაბამობა გააცნობიერეს, ცდის შედეგების შეფასებაში მარეგულირებლებიც ჩართეს.

AstraZeneca აცხადებს, რომ დოზირების რეკომენდაცია უკვე მარეგულირებლებმა უნდა გასცენ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

რიდინგის უნივერსიტეტის უჯრედული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, საიმონ კლარკის განცხადებით, ასეთი შედეგები გარკვეულ დილემას წარმოადგენს მედიკამენტების მმართველი ორგანოებისთვის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდოზიანმა სქემამ დაავადებისგან უკეთესი დაცვა და უსიმპტომო გადადების მაჩვენებლის შემცირება აჩვენა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯგუფი შედარებით პატარა იყო და არ მოიცავდა ხანდაზმულ ადამიანებს.

„რჩება იმის შესაძლებლობა, რომ თუკი მარეგულირებლები ვაქცინის ამ სახით მოხმარებას დაამტკიცებენ, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფი დაუცველი დარჩეს“, - ამბობს კლარკი.

ვაქცინის ეფექტიანობის გამოსათვლელად, ავტორებმა შეისწავლეს კლინიკური ცდების დასკვნითი, მე-3 ფაზის მონაცემები; ცდა ბრიტანეთსა და ბრაზილიაში მიმდინარეობდა და ჩართული იყო 11 636 მოხალისე. ნახევარ მათგანს გარკვეული დოზის ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი პლაცებო (მარილწყალი).

ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, გამოვლინდა COVID-19-ის 131 სიმპტომური შემთხვევა - 30 ვაქცინირებულ ჯგუფში და 101 პლაცებოს ჯგუფში, რაც საშუალოდ 70-პროცენტიან ეფექტს ნიშნავს.

მკვლევართა განცხადებით, ვაქცინირებულ ჯგუფში გამოვლენილ COVID-19-ის შემთხვევები არ ყოფილა მწვავე და არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზება.

გარდა ამისა, იქვე წერენ, რომ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჯამში 23 745 მონაწილეზე ჩატარებული ცდების მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო.

AstraZeneca განცხადებაში წერს, რომ მარეგულირებელი ორგანოებისთვის მონაცემების მიცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო და ცდილობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიიღოს, რათა დააჩქაროს მასზე ხელმისაწვდომობა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.

დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია მზად არის, რომ 2021 წელს სამი მილიარდი დოზა დაამზადოს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

წყარო