„აღშფოთებული ვარ მისი განცხადებით და პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მეგობრობაზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. კეთილ ინებოს, ჯერ შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს“, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუველი დეპუტატების არშეშვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს ჟურნალისტმა ჰკითხა ევროპარლამენტარისა და ლიტველი დეპუტატების გლდანის დაწესებულებაში არშეშვების შესახებ, რაზეც სოზარ სუბარმა ასე უპასუხა:
„200-მდე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. რაც შეეხებათ ევროპარლამენტარებს, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, უგულავასთანაც. ჩვეულებრივად ნახულობდნენ… მაგრამ რითი იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ მართლა არ ვიცი, ამაზე კონსულტაციები მართლა არ გვქონია…“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოუწოდა, ჯერ საქმის მასალები შეისწავლოს და განცხადებები მერე გააკეთოს. მისივე თქმით, „ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“.
„ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი [ანა ფოტიგა] ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა – გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეს ვგულისხმობ, და მერე გააკეთოს განცხადებები. საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება და მართლა არ შეიძლება, ასე გავთელოთ ეს ღირსება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“, – განაცხადა სუბარმა "რუსთავი2-ის" ეთერში.
ანა ფოტიგამ, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში შესვლა ჯერ ვერ მოახერხა. ევროპარლამენტარმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ორშაბათამდე რჩება ქვეყანაში და იუსტიციის სამინისტროს ნებართვას ელოდება.
ამასთან, 12 ნოემბერს, ანა ფოტიგა სახალხო დამცველს შეხვდა. მასთან ერთად, ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ასევე შეხვდნენ ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვას სეიმის წევრს, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ხელმძღვანელის მოადგილეს ვილია თარგამაძეს.