პორტუგალიაში დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვა და მესიჯის გაგზავნა აეკრძალათ

პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვას და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას უკრძალავს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, დამსაქმებელი კანონის დარღვევისთვის, შესაძლოა, დაჯარიმდეს.

ცვლილებები შრომის კოდექსში არ გავრცელდება კომპანიებზე, რომლებშიც 10-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.

კომპანია ასევე ვალდებულია შეღავათი გაუწიოს იმ თანამშრომლებს, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი და სახლიდან მუშაობენ.

ბავშვიან თანამშრომლებს უფლება ექნებათ იმუშაონ სახლში განუსაზღვრელი ვადით დამსაქმებლისგან წინასწარი თანხმობის მოთხოვნის გარეშე, სანამ მათი შვილი რვა წლის არ გახდება.

კომპანიებს ასევე შესაძლოა მოუწიოთ, წვლილი შეიტანონ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ხარჯების დაფარვაში.

პარლამენტში წარმოდგენილი პაკეტის ზოგიერთი ელემენტი არ იქნა დამტკიცებული პორტუგალიის პარლამენტის მიერ, მათ შორის „გათიშვის უფლება“, რომელიც საშუალებას აძლევს პერსონალს გამორთოს ყველა სამუშაო მოწყობილობა არასამუშაო საათების დროს.

პორტუგალიის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ანა მენდეს გოდინიომ გასულ კვირას ლისაბონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი შრომითი წესები ბევრ უცხოელს მიიზიდავს.

„ჩვენ ვთვლით, რომ პორტუგალია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ“- ამბობს ანა მენდეს გოდინო.

პორტუგალიას უკვე აქვს დროებითი რეზიდენტის ვიზის სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად მეწარმეებისა და შტატგარეშე, დისტანციურად მომუშავე ადამიანების მოსაზიდად. პორტუგალიურ კუნძულ მადეირაზე არსებობს "ციფრული მომთაბარე სოფელი", უფასო wifi-ით და საოფისე მაგიდით.

პორტუგალიის გარდა, კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანამ შემოიღო ეგრეთ წოდებული "ციფრული მომთაბარე ვიზები", სტანდარტული ტურისტული ნებართვების საპირისპიროდ, მათ შორის არიან ბარბადოსი და ხორვატია.