საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერებისათვის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით, ელისეის სასახლეში გამართულ მიღებაში.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, რომელსაც რეგიონში მიმდინარე პროცესები და საკუთარი ინიციატივა გააცნო, თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ.
პრეზიდენტი ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისსა და ისლანდიის პრეზიდენტს გუდნი იოჰანესონს.
საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს 75 წლისთავისადმი მოძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კავკასიური ენების გადარჩენას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, საფრანგეთში, საქართველოს პრეზიდენტმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პარიზის მშვიდობის ფორუმსა და იუნესკოს 75 წლისთავისადმი მოძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც „მშვიდობიანი მომავლისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნებას“ ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნული არჩევანის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლზე.