მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ

ექიმები საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

მათ შორის არიან პლასტიკური ქირურგი გია გვარამია და აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი. მათი თქმით, ექსპრეზიდენტის სიმპტომები სერიოზულია და შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიქმნას სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა.

„არ შეიძლება, სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ, ვინც არ უნდა იყოს პაციენტი. სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და უზრუნველყოს მისი სიცოცხლის ღირსეული შენარჩუნება. აღარ არის ნიშნისმოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში. მივმართავ ყველა იმ ექიმს, ვისაც შეიძლება ქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს. ნუ მიიღებთ ადამიანის და ქვეყნის ტრაგედიაში მონაწილეობას“, - წერს გია გვარამია.

„ჯანდაცვის სამინისტროს! თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ“, - წერს თავის მხრივ, ნანა გეგეჭკორი.

ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ანალოგიური მოთხოვნით, პეტიციასაც აწერს ხელს. ამერიკაში მოღვაწე ექიმებმა შესაბამისი ღია წერილი კონგრესს და სახელმწიფო დეპარტამენტსაც გაუგზავნეს.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. მისივე თქმით, ძლიერი სისუსტის გამო, სააკაშვილმა მოსანახულებელ ოთახში ჩასვლაც ვერ შეძლო. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში.

სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის მოთხოვნით აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე მართავს.

იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს.

ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.