მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნით იმართება.

ისინი ასევე ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

„ამ არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული რესურსის, სუს-ისა და ყველა მექანიზმის გამოყენებით მოახდინა გავლენა მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე. ეს არჩევნები ვერანაირად ჩაითვლება თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებად, ამიტომ ეს არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საუკეთესო საშუალება.

მეორე მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალქო კლინიკაში, ის ვითარება, რომელიც ამ ადამიანის გარშემო ვითარდება, კარგად წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეთა სიცოცხლე”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.