შს მინისტრის მოადგილე: თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა, პოლიციას აქვს უფლება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად

"თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექასანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად გეგმავს გზის გადაკეტვას.

"ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას და განზრახ დაბრკოლებების შექმნას ტრანსპორტისთვის. თუკი მონაწილეები არღვევენ კანონის მოთხოვნებს, პოლიციას აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი მექანიზმები და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს- მ გაავრცელა განცხადება. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ დაარღვევს კანონს და არ გასცდება შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ იმ ფარგლებს, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული", - განაცხადა დარახველიძემ.