რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა წევრმა შიმშილობა დაიწყო

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა წევრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

ფრაქციის წევრმა ჯუბა მგელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შიმშილობა გაგრძელდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.

„აქციას ფრაქციის ოთახში მოვაწყობთ“, თქვა მგელაძემ.

ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკრებულოს უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი.

სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ათმა პარლამენტარმა. მანამდე აქცია დაიწყო პარლამენტარმა ელენე ხოშტარიამ. ის მე-13 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.