საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და ყველას განუმარტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი. ამასთან განუმარტა ისიც, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვისაა აქ პოლიცია და პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის, მყისიერ ზომებს მიიღებს. არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილის, ლექასანდრე დარახველიძის განცხადებით, თუკი ხელოვნურად მოხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებული იქნება ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად.