გაბრიელიუს ლანდსბერგისი: სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ეს დებატების საგანი იქნება

„სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ეს დებატების საგანი იქნება“, - განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ამასთან, ლანდსბერგისმა ასოცირების ფორმატს, რომელშიც გაერთიანებულები არიან, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, მნიშვნელოვანი გზა უწოდა ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, თუმცა აღნიშნა, რომ ფორმატის შიგნით ვხედავთ განსხვავებებს, რაც ასევე უნდა აღინიშნოს.

„სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მთავრობის რეაქცია მისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართულებით, დებატების საგანი იქნება”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში დღეს იმართება.

ცნობისთვის, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს.

ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.

9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო. მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. შიმშილობა 14 ნოემბერს ასევე გამოაცხადა გიორგი ბარამიძე. შიმშილობს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი იმედა კლდიაშვილიც.

13 ნოემბერს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.