იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ

NATO რუსეთს მოუწოდებს, გამჭვირვალე იყოს სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების უჩვეულო კონცენტრაციას ვხედავთ. ჩვენ, რუსეთის მხრიდან მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დემონსტრირების სურვილი უკვე ვიხილეთ.

რუსეთს მოვუწოდებთ, გამჭვირვალე იყოს სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს ესკალაცია. ეს მკაფიო გზავნილია NATO-ს ყველა მოკავშირისგან და ეს საკითხი განვიხილეთ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე უპასუხა შეკითხვას შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ყოფნაზე.

NATO-ს შავი ზღვის რეგიონში წარმოდგენილია ნაწილობრივ იმიტომ, რომ შავი ზღვის სამი სახელმწიფო NATO-ს წევრია. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ორი ახლო პარტნიორია საქართველო და უკრაინა. შავი ზღვის რეგიონში ვმოქმედებთ და წარმომადგენლობა გვაქვს. თუმცა, ეს რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.