დავით ზალკალიანი: რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა

"რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას, როგორც ასპირანტ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, მანამდე, კერძოდ, 2018 წელს, NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გაიმართა. ამის შემდგომ, საქართველო და უკრაინა სხვა მინისტერიალებზეც მიიწვიეს ერთობლივად.

„რაც შეეხება დეკემბერში საქართველოს მინისტერიალზე მიწვევას, ეს არის ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან" - აღნიშნა ზალკალიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში NATO საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას.

ვიცე-პრემიერის თქმით, ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც NATO-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს.