გარღვევა ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალებაში, ახალი ვაქცინა მეხსიერებას აღადგენს და მხოლოდ 18 ევრო ეღირება. ამ სათაურით სტატია უცხოურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. კვლევა ლესტერის და გოტინგენის უნივერსიტეტების თანამშრომლობით ჩატარდა.
კერძოდ, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადგინა, რომ ვაქცინა თავის ტვინში არსებულ ცილებს ანადგურებს და მეხსიერებას აღადგენს. როგორც ანტისხეულმა, ასევე ვაქცინამ ტვინის ნეირონების ფუნქცია აღადგინა და ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმი გაზარდა, რაც თაგვებს მეხსიერებას უბრუნებს.
ბრიტანელი და გერმანელი მეცნიერების აზრით, ახალ თერაპიას ალცჰაიმერის მკურნალობის მეთოდებში რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა თომას ბაიერმა, რომელიც კვლევის თანაავტორია, განაცხადა, რომ კლინიკური კვლევების დროს, არცერთმა პოტენციურმა მკურნალობამ არ აჩვენა დიდი წარმატება ალცჰაიმერის სიმპტომების შემცირების თვალსაზრისით. ზოგიერთმა უარყოფითი გვერდითი მოვლენებიც კი გამოავლინა.
„ამიტომ გადავწყვიტეთ განსხვავებული მიდგომა“, - აღნიშნა პროფესორმა.
მკვლევრები ახლა კომერციულ პარტნიორს ეძებენ, რომ თერაპიული ანტისხეული და ვაქცინა კლინიკური კვლევების მეშვეობით მიიღონ.