ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

ევროკავშირმა ახალი სასანქციო კრიტერიუმები დაამტკიცა. ახალი პაკეტი შეზღუდვებს ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მიგრანტთა არაკანონიერ გადაყვანას ახორციელებენ.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის მტკიცე განწყობას ასახავს, წინ აღუდგეს მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ჩვენ აღვკვეთავთ ამ არაადამიანურ და უკანონო პრაქტიკას. ამავდროულად, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ რეჟიმის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიუღებელ რეპრესიებს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია.

NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ.

ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.