ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები: ლუკაშენკოს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობისთვის პასუხი უნდა აგოს

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირთან საზღვრების დარღვევას აიძულებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობისთვის პასუხი უნდა აგოს.

განცხადების ავტორები გმობენ „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაციას“.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერები, სურათები და სხვა მტკიცებულებები, კრიზისის გაღვივებაში ბელარუსის ოფიციალური პირების და რუსეთის მონაწილეობას ადასტურებს.

თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა აღნიშა, რომ NATO-მ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია და სამხედრო გეგმები. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ევროკომისიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობაში, რაც გულისხმობს თავშესაფრის მიღების შესაძლებლობის გამკაცრებას.