პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა

ედუარდ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების პრეტენზიები ექსპრეზიდენტის მიმართ, სჯეროდა, რომ მას ღირსეულად მოეპყრობოდნენ. ის მიიჩნევს, რომ რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად.

„მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი, შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე.

როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს. მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ.

მე პირადად დავრჩი გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს.

მაგრამ, ის რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა.

ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით, გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს, ამიტომ ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.