მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას დღეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა.

როგორც ექიმი აცხადებს, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ამის მიზეზი მისთვის უცნობია.

“5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება. მიზეზს არ მეუბნებიან. უკვე შეიძლება ეჭვები გამიჩნდეს. გუშინ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ისევ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, რადგან ბატონი პრეზიდენტი ზუსტად 5 წუთით ვნახე. მას ვუთხარი, რომ გავიდოდი და კონსილიუმთან ერთად შევიდოდი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.