რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებას

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციას", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთლობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.

„პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო, რა პირობებში იხდის სასჯელს მსჯავრდებული. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 46-დღეა შიმშილობს.