რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი შესაძლოა იმიტომ არ შეუშვეს, რომ პატიმარს ეძინა

იუსიტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი გუშინ შესაძლოა იმიტომ არ შეუშვეს, რომ პატიმარს ეძინა. ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ გვიანობამდე პარლამენტის წევრები ჰყავდათ სტუმრად შესაძლებელია, ამის მერე უბრალოდ პატიმარს ეძინა. მას ჰყავდა სტუმრად დეპუტატები, რომელებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან კონსილიუმი.

ბრეგაძის განცხადებით, დაკავების მომენტიდან “არ ყოფილა შემთხვევა”, როცა სააკაშვილს რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდა და პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მომსახურების მიწოდება ვერ შეძლო. მისივე თქმით, ამიერიდან ექიმები საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

ასევე იუსტიციის მინისტრმა უკრაინის სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მათ არ აქვთ პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება.