ეკატერინე ტიკარაძე: წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთია. პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურად ვმუშაობთ

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულის საკითხები, ჯანდაცვის სამინისტროში განიხილეს. უწყების ცნობით, შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია, ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის.

ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებით.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უკვე დაასრულა თავის ხედვებზე მუშაობა, მათ აქვთ მკაფიო 11 რეკომენდაცია. დღეის შემდეგ ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამავე თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასები ძალიანაა გაზრდილი, დროული რეაგირება უნდა მოვახდინოთ