დავით სერგეენკო: მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს

პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარადოქსი თუ უცნაურობაა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

„ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან და ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს.

ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და თავიანთ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, მათ მაქსიმალური მოვლა ჭირდებათ და შესაბამისი სტანდარტის მონიტორინგი და მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ის პარადოქსი თუ უცნაურობა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ.

ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მჭიდრო მონიტორინგი გვქონდა, თუმცა, თავისთავად ცხადია, ეს მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს იმისათვის, რომ შესრულდეს ამოცანა - სამოქალაქო სექტორის ექიმებმა და სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებმა მონახონ საერთო ენა, რადგან საბედნიეროდ ისინი კოლეგები არიან, საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი და უკლებლივ ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტი არის თვლადი და უბრალოდ შეუძლებელია, ორმაგი ინტერპრეტაციის გაკეთება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, ის რომ, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნებისმიერი საზოგადოებისთვის უმაღლესი ღირებულებაა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს მმართველ ძალას ამ წლების განმავლობაში არამხოლოდ დეკლარირებულად აქვს ნათქვამი, არამედ რეალური საქმით აქვს დადასტურებული.