თამარ გაბუნია: კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება აღარ დგას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის, როგორც რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები და არც პერსონალის კვალიფიკაციასთან არსებობს კითხვები.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე-18 დაწესებულებაში რეგულირების სააგენტომ მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა, ეს იყო ოქტომბრის ბოლო პერიოდში. არსებული დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.