კობა დავითაშვილის შვილი: შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნას კობა დავითაშვილის შვილიც იზიარებს.

„ერთადერთი, ვინც უნდა წყვეტდეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, არის ექიმი. თუ ის გადაწყვეტს, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის არ არის შესაბამისი პირობები, მაშინ ის უნდა გადაიყვანონ. თუ ექიმი ობიექტურ საფუძველზე ამბობს, რომ უნდა გადაიყვანონ, მეც ვემხრობი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა ხდებოდეს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.

უნდა მოვიწვიოთ ნეიტრალური მოსამართლეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ სააკაშვილის ბედი. თუ ისინი იტყვიან, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. ასევე უნდა იყოს საპირისპირო შედეგის დროსაც, თუ ნეიტრალური მოსამართლეები იტყვიან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ეს ოპოზიციამ უნდა აღიაროს.

მთავრობა ცდილობს, რაღაც ნაბიჯები გადადგას, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაღაც შეცდომებს უშვებს. წესით არ უნდა უშვებდეს, რადგან საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავრობა უნდა იყოს ყურადღებით, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ქვეყანას დიდი ხანი მართავდა და დღესაც ბევრ ადამიანს მის მიმართ სიმპათიები აქვს. ეს არ არის მარტო მიშას საქმე, ეს ქვეყნის საქმეა. მთელი საზოგადოება მართლაც ბეწვის ხიდზე გადის, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. უკეთესი იქნება, თუ მთავრობა შეძლებს სიტუაციის განმუხტვას“, - განაცხადა თორნიკე დავითაშვილმა „ტვპირველთან“.