კახა კალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ამასთან, ის ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა.

„მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური.

„რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული - სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის მოთხოვნით, აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები ყოველდღე მართავენ.