სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს.
„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს თხოვნას. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად წარვადგენთ.
ჩვენ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი. დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს ჩვენ დაბრკოლება არასდროს შეგვქმნია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მისი რეკომენდაციით შეიქმნა, გასინჯავს პაციენტს და გაეცნობა ციხის კლინიკაში არსებულ ვითარებას.
მისივე თქმით, ახალ სამედიცინო ჯგუფს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლა.
„არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა, იმის გამო, რომ 7 დღეა, რაც გადმოყვანილია მიხეილ სააკაშვილი ციხის ჰოსპიტალში და ამ ხნის განმავლობაში ვერ უზრუნველეყო კონსილიუმის შესვლა და იქ მუშაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა, მანდატის ფარგლებში, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული სამედიცინო დასკვნა.
ისინი შევლენ ჩემი რწმუნების საფუძველზე, არანაირი ბიუროკრატიული თუ სხვა ტიპის ბარიერის შექმნა მათთვის არ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა შევიდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. სახალხო დამცველი არასდროს არ იღებს თანხმობას სამინისტროსგან, ან პენიტენციური სამსახურიდან, შევიდეს ციხეში.
ჩვენ ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი, დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. ისინი არიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ექსპერტები, ეს არის ბერკეტი, რომელიც სხვა პატიმრების მიმართებითაც გამოგვიყენებია, ჩაგვიტარებია სამედიცინო ექსპერტიზა და დღესაც ამის საშუალებას იძლევა კანონი, ეს არ არის რაღაც „ნოუჰაუ“, რომელიც ახლა გამოვიგონეთ“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.