ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) ოკუპირებულ ცხონვალში პატიმრობაში მყოფი „გენადი ბესტაევის საქმეს ყურადღებით აკვირდება“. მოხდა ინფორმაციის გაცვლაც და ამ მიზნით ცხელი ხაზიც გააქტიურდა. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში განუცხადეს.
„მისია ყურადღებით აკვირდება გენადი ბესტაევის საქმეს. საქმის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ინტენსიურად გამოიყენება ცხელი ხაზი“, - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.
სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.