სომხური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა და ვითარება შედარებით დასტაბილურდა

სომხური მედიის ცნობით, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 18:30 საათიდან. სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სროლა შეწყდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

„პრემიერმა პუტინს დეტალურად გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენები. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნავს მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროისთვის გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი. ზუსტდება დაჭრილების რაოდენობაც.

ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იტყობინება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სომხეთმა პროვოკაცია მოაწყო და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები გამოიყენეს.