მომავალ წელს კორონავირუსი ენდემურ დაავადებებად შეიძლება, იქცეს, თუ აშშ ვაქცინაციის მაჩვენებელს გაზრდის, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ნიშნულის მისაღწევად, კოვიდვაქცინების გამაძლიერებელი დოზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ექსპერტები თვლიან, რომ COVID19 შეიძლება ვერ აღმოიფხვრას და, სავარაუდოდ, ენდემური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის იქნება გარკვეული ხარისხით მოსახლეობაში, როგორც მაგალითად, გრიპი, ან ჩუტყვავილა.
„ხალხი მაინც დაინფიცირდება. ადამიანები შესაძლოა, მაინც მოხვდნენ ჰოსპიტლებში, მაგრამ - დაბალი დოზით. ჩვენ ამაზე მუდმივად არ უნდა ვიფიქროთ. ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს საქმიანობაზე“, - აღნიშნავს CDC-ის დირექტორი.
ენტონი ფაუჩის თქმით, თუ შეერთებული შტატები ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის გამაძლიერებელ დოზებს, შესაძლებელია, ქვეყანამ ვირუსის კონტროლი 2022 წლის გაზაფხულისთვის შეძლოს.
ცნობისთვის, გამაძლიერებელი აცრები ამჟამად ხელმისაწვდომია ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის შემდეგ, იმუნოდეფიციტის, 65 წელზე უფროსი ასაკის და სხვა მძიმე დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.
ზოგიერთმა შტატმა და ნიუ-იორკმა ხელმისაწვდომობა გააფართოვეს.