ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა ლეიბები სხდომათა დარბაზში გაშალეს

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაშალეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული ფორმით წინა მოწვევის დეპუტატების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ.

„რადგანაც ჩვენ სხვა თემაზე ვართ გადასული, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, გადაწყვიტეს სასწრაფოდ დაამტკიცონ ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი არის „ოცნების“ აქტივისტების, მათი სიდედრების, სიმამრების და იმ ადამიანების, ვისაც ცისფერ დროშაზე ეჭირა ხელი. უნდათ მიიღონ წინასწარ, სანამ ჩვენ უკვე არჩეული საკრებულოს წევრები შემოვალთ და მივცემთ ლეგიტიმაციას",- განაცხადა საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია კალანდიამ.

საკრებულოს შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში 15 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა და ერთმა ექიმმა.