სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გენადი ბესტაევის უკანონოდ დაკავების დღიდან განხორციელდა დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს, საკითხი დაყენებული იყო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა შეხვედრაზე, ასევე ყველა შესაბამის ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატში პარტნიორებთან მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაციით.

მას შემდეგ, რაც „ცხელი ხაზით“ მივიღეთ ინფორმაცია გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, პირველივე წუთებიდან მისი გადმოყვანის პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის დონეზე შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს თანათავმჯდომარესთან, ისევე როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან.

ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებით მოხერხდა უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანა. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალიხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ინტერესები იყოს დაცული. ადამიანების უკანონო დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

ამავე თემაზე:

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი კომატოზურ მდგომარეობაშია