მოშიმშილე ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოინახულეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღრმად შეწუხებულები არიან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მთელი გუნდი არის შეწუხებული, რა თქმა უნდა, შეწუხებულია ამ მდგომარეობით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით. უამრავი მსურველია მისი მონახულების, თუმცა იმ მიზეზების გამო, ერთი არის კოვიდი და ამის გარდა, არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ ელენე ხოშტარია, ამის გამო, სამწუხაროდ, ბევრი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ვერ ახერხებს მის მონახულებას.

ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა. რა თქმა უნდა, ეს არის მისი უფლება და მისი გადასაწყვეტი. ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, ეს შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტზე გვქონდა საუბარი, მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი - ინფორმაციის გაზიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი მხრიდან იყო მიწოდებული ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ საუბარი გამიჭირდება და არ იქნება სწორი, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ბუნებრივია, ამ ჩვენს თხოვნას, რომლებიც ჩვენ დღეს მასთან გვქონდა, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი ვერ ექნებოდა და ასეთი მოლოდინიც არ გვქონდა. ვთხოვეთ, ვესაუბრეთ, რომ მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ბუნებრივია, ეს ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს - ორივე მხრიდან საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მივიდნენ.

ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.