ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა

"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და ამ შემთხვევაში ხელისუფლება, შეიძლება მის მიმართ შედარებით ლოიალური გახდეს.

„პოლიტიკაში წარმატებას - საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში.

აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, - შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება. სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება - ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს“, - განაცხადა კობახიძემ.