პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ წევრებს, რომლებმაც მანამდე, სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გარდა მოითხოვეს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ არ განიხილოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა და პარტიის ერთმა მხარდამჭერმა ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთახში შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. დღეს, 17 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს.