ელენე ხოშტარია: "ქართული ოცნების" წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება გამოსავალი იყოს

"ქართული ოცნების" წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება გამოსავალი იყოს. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ბევრი დრო იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება , - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, მისი ამოცანა არ არის ვინმეს კედელთან მიმწყვდევა.

"პირველი მინდა ვთქვა, რომ მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, იქნება შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა.

მეორე მე ცხადია, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან", - განაცხადა ხოშტარიამ.