„ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტის შესრულებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგულარულად იღებს ინფორმაციას ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე.
მისივე თქმით, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, „მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და მის სტატუსს პატივი უნდა სცენ“.
„დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.