Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
„სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში.
მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების გათავისუფლებასა და „ნაღმების რუკების“ გადაცემაში.
ევროკავშირმა ასევე დაუჭირა მხარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რაც მოიცავს 17 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის განაღმვის სამუშაოსა და ადრეული აღდგენისთვის.
ევროკავშირი ასევე მზადაა, ტექნიკური დახმარების გზით დაუჭიროს მხარი საზღვარზე დეესკალაციას და დელიმიტაციას, როგორც ეს მხარეებს ესაჭიროებათ. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
მომავალში, ყოვლისმომცველი შეთანხმება სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან აქტიურ კონტაქტს განაგრძობს და მათი მანდატის შესრულებას სრულად უჭერს მხარს, რაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობით, ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველ მოგვარებას გულისხმობს“, - განაცხადა პიტერ სტანომ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.
თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ამავე თემაზე:
რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ