კახა კალაძე: პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, - თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ჟურმალისტების შეკითხვას უპასუხა.

თბილისის მერის თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული.

„შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დღეს ასევე მთავარი ექიმის განცხადება მოვისმინეთ, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მკურნალობა ჩატარდეს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ტექნიკური შესაძლებლობებით ყველანაირად აღჭურვილია. გარდა ამისა შესაბამისი ბრიგადებია, რომლებიც მორიგეობენ, თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე საუბრისას ამბობს, აღნიშნული ფორმით საკანში გადაყვანა, მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო იძულებული იყვნენ, რომ ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. ეს კადრები მოთხოვნილი იყო პირველ რიგში თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურმა ეს კადრები გაავრცელა “, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანს ეკისრება, რადგან „არავის დაუვალებია შიმშილობა “.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოშიმშილე ადამიანები, რადგან მათთვის არავის არ დაუვალებია შიმშილობა. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით