ივანე ჩხაიძე: წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება

"წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება, ასევე არ მოუმატია იმუნიზაციის მაჩვენებელს.

„ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, - განაცხადა ჩხაიძემ.