ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში, განზრახ თუ გაუთვალისწინებლად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებებისას ადამიანის უფლებების საკითხი წამოჭრა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს „ძველი მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი მრავალი გამოწვევის წინაშე ერთად დგანან და უნდა გაზარდონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებები ბაიდენის ინიციატივით შედგა. მხარეებმა ბოლოს მოლაპარაკებები ტელეფონით სექტემბერში გამართეს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას COVID19-ის წარმოშობისა და სავაჭრო საკითხებზე უთანხმოების გამო გამწვავდა.