აშშ-მ რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უხეშად ირღვევა

შეერთებულმა შტატებმა დაასახელა 10 ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, პაკისტანი, რუსეთი და საუდის არაბეთი, რომლებიც აღმსარებლობის თავისუფლებების დარღვევის გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევენ.

ოთხი ქვეყნის გარდა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შავ სიაში ასევე შეიყვანა ერიტრეა, ირანი, მიანმარი, ჩრდილოეთ კორეა, ტაჯიკეთი, პაკისტანი და თურქმენეთი, „რელიგიის თავისუფლების სისტემატურ, მიმდინარე და უხეში დარღვევის“ გამო.

„აშშ არ უღალატებს თავის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას ყველასთვის და ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

„მსოფლიოში, ძალიან ბევრ ადგილას, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ მთავრობები ავიწროებენ, აპატიმრებენ, ემუქრებიან და კლავენ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ ცდილობენ, იცხოვრონ თავიანთი რწმენის შესაბამისად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ყოველწლიურად, სახელმწიფო მდივანს ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოავლინოს მთავრობები და არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც რელიგიური თავისუფლების დარღვევის გამო იმსახურებენ აღნიშვნას რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო აქტის მიხედვით.