ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრა „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტს, თუმცა მატჩი მაინც გამორჩეული იქნება იმ მხრივ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, მას ქალ მსაჯთა გუნდი მოემსახურება.
ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე იქნება. მას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ვიკა სახურია იმუშავებს.
ამასთან, მაისურაძის ერთ-ერთმა დამხმარე არბიტრმა, ქეთევან გაიპარაშვილმა წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი შეხვედრა განსაჯა - ის პირველი ქართველი არბიტრი ქალია, რომელიც მაღალი დონის საფეხბურთო მატჩს, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის შეხვედრას მოემსახურა.
გაიპარაშვილი 23 თებერვალს, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული 2020 წლის სუპერთასის მატჩში საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოსა“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალოს“ შორის მთავარ არბიტრს, გიორგი კიკაჩეიშვილს ეხმარებოდა.