იან კელი: ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ სააკაშვილი წყეულ სამოქალაქო კლინიკაში

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter-ზე ეხმაურება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

„ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ სააკაშვილი წყეულ სამოქალაქო კლინიკაში. მან თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას. მოათავსეთ პერიმეტრის ბარიერი მის გარშემო, თუ არეულობაზე ღელავთ. უბრალოდ მოიქეცით პასუხისმგებლიანად და გააკეთეთ ეს“, - წერს ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter-ზე.

18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.

ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში.

„ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან.

მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.