„ემპათიას“ დირექტორი: სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია

ცეტრ „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის, შესაბამის დაწესებულებაში დაუყოვნებლივ, დღესვე გადაიყვანონ.

მისი თქმით, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტს ვერ უმკურნალებენ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა არ ხორციელდება. მისი მკურნალი ექიმი იმ უნარებს არ ფლობს, რომ მართული იყოს პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის კრიტიკულად მძიმე.

გარდა ამისა, იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ, აკეთებენ არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე.

ჩვენს ექიმ ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, პაციენტი შეემოწმებინა, ასევე ჩვენ ექიმ ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა. მხოლოდ მე და რეანიმატიოლოგმა შევამოწმეთ.

ჩემი მონაცემებით, გონების დაკარგვის ეპიზოდი გამოწვეულია როგორც მწვავე ნიშნებით, ასევე ცერებრო-ორგანო დისფუნქციით. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეული იყო სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი-ნევროლოგი.

რაც შეეხება სხვა ორგანოთა ფუნქციის შესრულებას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალებში შესწავლის საშუალება. რა თქმა უნდა გამოთხოვილია სამედიცინო ბარათი.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, დღესვე იყოს სასწრაფო წესით გადაყვანილი ეს პაციენტი სამოქალაქო ტიპის, შესაბამის დაწესებულებაში. იქნება ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილება თუ რეანიმაცია, გადასაწყვეტია. სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გუნდური მუშაობის გამოცდილების მქონე შტატი, სადაც იქნება პასუხისმგებელი მკურნალი ექიმი, რომელსაც ექნება შესაბამისი ცოდნა და არა მორიგე ექიმები, რომლებიც პრაქტიკულად ინფორმაციას არ ფლობს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.