ადვოკატი: ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას

"ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც საძაგლიშვილი აღნიშნავს, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და ცენტრი „ემპათია“ ერთსულოვნად მიუთითებენ ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე.

„სამწუხაროდ, ჩვენთვის დამატებით არაფერი არ არის ცნობილი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გუშინ ღამე გავრცელდა მედიით. ერთი მხრივ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, მეორე მხრივ, ცენტრი „ემპათია“ და მისი ექსპერტები ერთსულოვნად მიუთითებენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანის აუცილებლობაზე. ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე, ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით, შესაბამისად ამ დღის წესრიგს მიყვებიან“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.