ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მას დღეს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.

„არ ვიცი, ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა დილიდან რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ბუნებრივია, ვერაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ გვახსოვს, ადრე პენიტენციური სამსახურის მოქმედებები. არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა, ცხადია არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ესკორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, რაც მედიაში გავრცელდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.