გიგი უგულავა: სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება

"ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება. ყველას გავაფრთხილებთ, პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამ არ იყოს", - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

უგულავას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

"როგორც კი სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება. პირიქით, ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოლიგარქის წინააღმდეგ",- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.