დავით ზალკალიანი: ბრიუსელში, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, თუ გინდათ, ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ

საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ოფიციალურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, წუხილი კულუარულად გამოითქვა.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, 15 ნოემბერს ვიყავი, დავიფიცებ, თუ გინდათ - ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა იმ შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

არ ყოფილა ნახსენები არც ერთი პოლიტიკოსი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, შემდეგ, კულუარულ საუბრებში, გარკვეულ მეგობრებთან იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით და წუხილი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რაიმე გართულება არ მოჰყვეს და ყველანაირად უზრუნველვყოთ.

ამაზე ჩვენც ხომ ვამბობთ და ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებული. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.