მამუკა მდინარაძე: ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას ფაქტორით ახსნა. მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი დომინატური ფაქტორი სწორედ ეს იყო.

მდინარაძემ აქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მართვა გლდანის ციხეშივე იყო შესაძლებელი.

„მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგ ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოვიდა ისე, რომ ელენე ხოშტარია და სხვა მოშიმშილეებიც ამ სიტუაციურ მოცემულობაში, სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ და სახელმწიფომ არ გაწირა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს 50 დღეა, შიმშილობს სააკაშვილი და ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დრო, ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. შეიძლება სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, მაგრამ არ მგონია, ამას ალბათ თქვენც ხვდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა და მისი გუნდის ლიდერებმა გაწირეს ის, ჩვენ არ გავწირეთ