ევროპარლამენტარები ითხოვენ, ევროკავშირმა სერიოზულად განიხილოს სანქციები პირების მიმართ, რომლებმაც სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობა დაუშვეს

23 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა, „სერიოზულად განიხილონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა“ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მიმართ.

სერიოზულად განიხილონ სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა“ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მიმართ.

ევროპარლამენტარებმა 19 ნოემბრის წერილში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა სააკაშვილი „დამნაშავე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, მისი, უფლებები და ღირსება უნდა იყოს დაცული“.

მათივე შეფასებით, ევროკავშირმა ასევე უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ“, - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, ასევე დიდ შეშფოთებას იწვევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.