საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელიც გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოდან, დღეს უნდა გადაიყვანო გორის სამხედრო ჰოსპიტალში, წერილს ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის წერს, რომ მიუხედავად იმისა, „ყოველთვის სჯეროდა ხალხის, გაოგნებულია ამ დღეებში საზოგადოების ამგვარი კონსოლიდაციით, გვერდით დგომის უნარით და ჰუმანურობით“.
„მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას.
მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ.
დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები თავისუფალი. როგორც კი თავისუფალი ვიქნები, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში.
სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში.ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს და არც რეჟიმის მუქარას.
არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ? ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თვალი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა.არც ერთი გარიყული ადამიანი!არც ერთი დაკარგული წამი! არც ერთი ნაბიჯი უკან“, - წერს ექსპრეზიდენტი.